ქისთოუნ აგრომ 2026 წლის მოცვის მოსავლის აღება წარმატებით დაასრულა. წლევანდელ სეზონზე ზედა ეწერის ბაღში 800 ტონამდე მოცვი შეგროვდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
მოსავლის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გაიგზავნა. კომპანია მუშაობს დივერსიფიცირებულ ბაზარზე და ქისთოუნ აგროს მოცვი წელს რუსეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, გერმანიაში, დუბაიში, ინდოეთში, სინგაპურსა და ჰონგკონგში მიეწოდა. ამასთან, მოსავლის ნაწილი საქართველოს ბაზარზეც განთავსდა.
კომპანიის მთავარი ბაღი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს და 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ბაღებში წარმოდგენილი Fall Creek-ის პრემიუმ ჯიშები, მათ შორის Sekoya Grande, Sekoya Crunch, Duke და Top Shelf, მოსავლის სხვადასხვა პერიოდის წყალობით სეზონს გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის შუა რიცხვებამდე ახანგრძლივებს.
წელს დასრულდა ინგირის ბაღის გაშენება. ბაღი 70 ჰექტარ ფართობს მოიცავს და მასში 220,000-ზე მეტი ნერგია დარგული. ახალი ბაღიდან პირველ მოსავალს კომპანია მომავალ წელს ელოდება.
ამასთან, ქისთოუნ აგრო აქტიურად ავითარებს ორ ახალ ბაღს: 15 ჰექტარ ფართობის ბაღს ზედა ეწერში და 90 ჰექტარ ფართობის ბაღს წალენჯიხის რაიონში, სადაც Sekoya-ს ჯიშის ნერგების დარგვა იგეგმება. ახალი ბაღების გაშენებით კომპანიის ფართობი და წარმოების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დაფუძნების დღიდან ქისთოუნ აგროს მიზანი უცვლელია: მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მოცვი შესთავაზოს. საერთაშორისო აგრონომებთან თანამშრომლობა გრძელდება, რაც მდგრადი მეურნეობის პრაქტიკის დანერგვასა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას უზრუნველყოფს.